ძლიერი ქარის გამო, თბილისში რამდენიმე ხე წაიქცა
ძლიერი ქარის გამო, თბილისში რამდენიმე ხე წაიქცა

თბილისში, სამ მისამართზე უამინდობის გამო ხეები წაიქცა. ადგილებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან გასული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ხე წაიქცა თბილისში, სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზეც.

შსს-ს ცნობით, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შემოსული. შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე, ძლიერი წვიმა მოვიდა შიდა ქართლის რეგიონში. სულ საგანგებო სიტუაციების სამსახურში შემოვიდა 20 შეტყობინება, ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ჩამოიშალა ქვიშა, შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა. კერძოდ, გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.