ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო - დღეს მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა [ფოტო]
თბილისის ძიუდოს აკადემიაში დღეს, დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს ჩემპიონ პრიზიორები, ტრადიციულად სამ წონით კატეგორიაში ( 60; 66; 73) გამოვლინდნენ.
უმსუბუქეს წონაში უძლიერესი თეიმურაზ ნოზაძე გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ჯაპა პაპინაშვილი ოქროს ქულით დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლებს ლუხუმ ჩხვიმიანი და ირაკლი კუპატაძე დაეუფლნენ.
ნიკო ჭიკაიძის გამარჯვებით დასრულდა შეჯიბრი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გიორგი გუგულაშვილთან გამართული ფინალური დაპირისპირება მან ერთადერთი ვაზაარით მოიგო. ამ წონაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გიორგი თუთაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი ავიდნენ.
ფრიდონ გიგანმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, მან ვალერი იაშვილი დამატებით დროში დაამარცხა. ამ წონაში, ბრინჯაოს მედლები გიორგი ჩიხლაძეს და ლაშა გიუნაშვილს ერგოთ.
მედლები ხვალ, დარჩენილ ოთხ (81; 90; 100; +100) წონით კატეგორიაში გათამაშდება. წინასწარი შეხვედრები დილის 10:00, ფინალური ბლოკი კი 17:00-იდან დაიწყება.