ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, თბილისის გრან-პრი და რამდენიმე სხვა ტურნირი გაუქმდა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (International Judo Federation – IJF) განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2020 წლის აპრილის დასრულებამდე ჩანიშნული ყველა ტურნირის, მათ შორის თბილისის გრან-პრის და ეკატერინბურგის გრან-სლემის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
„კორონავირუსის კრიზისის და ბევრ ქვეყანაში მდგომარეობის არევის, აგრეთვე, მგზავრობის და საჯარო თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო, ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება, რომ დაემორჩილოს მსოფლიო მასშტაბით არსებულ უსაფრთხოების ფორმებს.
საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ყველა ტურნირი, რომელიც 30 აპრილამდე უნდა გამართულიყო, გაუქმებულია.
ტურნირები მოიცავს ეკატერინბურგის გრანდ სლემს, თბილისის გრანპრის და სხვა კონტინენტურ, თუ ადგილობრივ პირველობებს.
დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან-პრი ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს უნდა ჩატარებულიყო.