ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა #1TVSPORT

თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებს შორის სამი ქართველი წონის სათავეშია.

60 კგ.

60 კგ წონით კატეგორიაში (4 256) მეხუთე ადგილზე გადავიდა თბილისის გრანდ სლემის ვერცხლის მედალოსანი, 19 წლის გიორგი სარდალაშვილი, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (3221) მეათეზეა.

66 კგ.

66 კგ-ში მეოთხე ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი (4 320). ქართველს მოლდოველი დენის ვიერუ (7 305), მონღოლი ბასხუუ იონდონპერენლეი( 4 764) და იაპონელი ჰიფუმი აბე (4 600) უსწრებენ.

73 კგ.

73 კგ-ში წონის ლიდერმა, ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მას ახალ რეიტინგში 6 685 ქულა აქვს. ოლიმპიური ჩემპიონის უახლოესი მდევრები კი აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (5 416), მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (5 096), ბრაზილიელი დანიელ კარნინი (4 685) და უზბეკი მუროდჯონ იულდოშევი (4 011) არიან.

81 კგ.

81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილს თბილისის გრანდ სლემზე არ უასპარეზია. მას 9 046 ქულა აქვს და წონას კვლავაც დიდი უპირატესობით ლიდერობს. ხუთეულში არიან ბელგიელი მატიას კასე (7 055), აზერბაიჯანელი საეიდ მოლაეი (5 425), ბრაზილიელი გილერმე შმიდტი (4 659) და თურქი ვედატ ალბაირაკი (4 345).

90 კგ.

90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ათეულში სამი ძიუდოისტი ჰყავს: ბექა ღვინიაშვილი (5 533) მესამე ადგილზეა, ლუკა მაისურაძე (5 500) – მეოთხეზე, ხოლო თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი ლაშა ბექაური (4 060) მეშვიდე პოზიციას იკავებს. წონის ლიდერები უზბეკი დავლატ ბობონოვი (6 448) და იაპონელი სანშირო მურაო (6 000) არიან.

100კგ. 

ილია სულამანიძე (100 კგ) კვლავაც საკუთარი წონის რეიტინგის სათავეშია. ქართველს თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებულმა ოქროს მედალმა ლიდერობა დაუბრუნა. ამავე წონაში 3 791 ქულით მერვე ადგილზეა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

100+კგ.

მძიმე წონაში (+100 კგ) ათეულში შევიდა თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი გელა ზაალიშვილი (4 472), გურამ თუშიშვილი (3 815) სიაში მეშვიდეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონები ლაშა ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) – ბრინჯაო.