ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 6-13 ოქტომბერს ტაშკენტში უნდა გაიმართოს, რუსი სპორტსმენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ. რუსეთის ნაკრებში იმედი ჰქონდათ, რომ წლევანდელი სეზონის უმთავრეს ტურნირზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობას შეძლებდნენ, მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან (IJF) თანხმობა ვერ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ და მათმა ძიუდოისტებმა გამოაცხადეს, რომ რუსების მსოფლიოს ჩემპიონატზე ნებისმიერი სტატუსით დაშვების შემთხვევაში, უკრაინა ტურნირს ბოიკოტს გამოუცხადებდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის: კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გამოცხადებულა.