ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების დროს დაკავებულ ლომერ ჟორჟოლიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ
ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების დროს დაკავებულ ლომერ ჟორჟოლიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების დროს დაკავებულ ლომერ ჟორჟოლიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟორჟოლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს და ღონისძიების ზომად პატიმრობას მოითხოვს.

შსს-მ ლომერ ჟორჟოლიანი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავა.

ძიუდოისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 31 მაისს მოხდა, რა დროსაც დაშავდა ორი ადამიანი. სიტუციის განმუხტვას ადგილზე მისული პატრულ ინსპექტორები შეეცადნენ, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟორჟოლიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. 

გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა.

ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი – 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.