ძიუდოისტები ვარჯიშს განაახლებენ - ისინი მმართველი ორგანოს ჩამოყალიბებას ითხოვენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ვარჯიშის განახლება გადაწყვიტეს. ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვდნენ და პროტესტის ნიშნად, აღარ ვარჯიშობდნენ.
იქიდან გამომდინარე, რომ სპორტსმენების მოთხოვნა შესრულდა და გუშინ დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა, დღეს ვარლამ ლიპარტელიანმა განცხადება გაავრცელა.
„მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩამოყალიბდეს სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და ძიუდოს სამყაროს ნეიტრალური წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ძიუდოს მმართველი ორგანო (სამუშაო ჯგუფი). მის გადაწყვეტილებამდე კი, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებსა და დელეგატებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ“ – წერია განცხადებაში, რომელიც მედიასთან ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა.
რაც შეეხება ორიოდე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა ამის თაობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.