ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი შმაილოვი ​დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი წარმატებულად ასპარეზობს. ქართველმა რეპეშაჟში ისრაელის წარმომადგენელი ბარუჩ შმაილოვი გაფრთხილებებით დაამარცხა და ჩვენი ნაკრებისთვის ფინალურ ბლოკში პირველი მედლის მოპოვებას შეეცდება.

ბრინჯაოს მედლისთვის მარგველაშვილი მოლდაველ დენის ვიერუსთან იჭიდავებს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

ფინალში ორი იაპონელი იჭიდავებს – აბე VS მარუიამა.

დღეს მსოფლიო პირველობაზე მედლები 66 კგ-ში მამაკაცებში და 52 კგ-ში ქალებში გათამაშდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მსოფლიო პირველობა ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.