ძიუდო | თბილისში ევროპის ჩემპიონატი იწყება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ძიუდო | თბილისში ევროპის ჩემპიონატი იწყება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. შეჯიბრება 16-იდან 19 აპრილამდე გაგრძელდება. წინასწარი შეხვედრები – 9 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 16 საათიდან იგეგმება. სწორედ ფინალური ბლოკების პირდაპირ რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი.

„თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატი ძალიან დატვირთული და კონკურენტული იქნება, რადგან აქ ევროპული ძიუდოს ვარსკვლავები იყრიან თავს. ასეთი ტიტულოვანი ძიუდოისტებით დახუნძლული ევროპის ჩემპიონატი არ მახსოვს,“ – ამის შესახებ საქართველოს ძუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა.

„ყველა წონით კატეგორიაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩემპიონები იასპარეზებენ, თუმცა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, ყველა დასამარცხებელია,“ – აღნიშნა გუჯეჯიანმა.

ქართველმა მწვრთნელმა ქართველი სპორტსმენების მზადყოფნასა და გულშემატკივრის როლზეც გააკეთა კომენტარი.

„შეკრება უნგრეთში გვქონდა, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდში ყველაფერი რიგზეა, საკმაოდ ამაღლებული განწყობაა, რაც ოპტიმისტურად ფიქრის შესაძლებლობას მაძლევს.

ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებო წონის კლებაა, თუმცა გუნდის თითოეულ წევრს კარგად აქვს გააზრებული ის დაკისრებული პასუხისმგებლობა და დავალება, რაც წონის კლებას უკავშირდება. ამიტომ მათ პროფესიონალიზმსა და გამცდილებაზე დაყრდნობით ვფიქრობ, რომ ეს რაიმე პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება საკუთარ კედლებში ბრძოლას, საბედნიეროდ, იმდენი ადამიანისგან მიგრძვნია გულწრფელი გულშემატკივრობა, რომ ვფიქრობ, ეს ცალკე ძალაა ტატამზე გასული ქართველი სპორტსმენისთვის.

ახლა ის მომენტია, როდესაც გუნდში გენეტიკუტმა ხასიათმა უნდა გაიღვიძოს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მედლები საქართველოშია და აპირებენ, რომ წაიღონ, თუმცა ჩვენ, გულშემატკივართან ერთად, ღირსეულად ვუმასპინძლებთ სტუმრებს, მაგრამ მედლებს ვერ გავატანთ“, – აღნიშნა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

2009 წლის შემდეგ საქართველო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს.

შეჯიბრებაში 46 ქვეყნის 405 ძიუდოისტი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პირველად წარდგება სრული შემადგენლობით.

ვაჟებს შორის გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშილი (-73 კგ), მიხეილ ბახბახიშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ლუკა მაისურაძე (-90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იასპარეზებენ.

გოგონებს შორის კი თამარ გიგოლაევი (-48 კგ), ჯულიეტა როდონაია (-48 კგ), ნინო თათრიშვილი (-52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ნინო ლოლაძე (-57 კგ), ნინო წიკლაური (-63 კგ), ნინო გულბანი (-70 კგ), მარიამ ჭანტურია (-70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპის 31 ჩემპიონი ჰყავს, რომელთაგან რვა თბილისის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს: ლაშა ბექაური, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი სარდალაშვილი, ილია სულამანიძე, ლუკა მაისურაძე.