ძიუდო | ტაშკენტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა [ვიდეო] #1TVSPORT
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) პირველ რაუნდს გამოტოვებს, შემდეგ კი, იამ ვოლჩაკსა (ისრაელი) და ადონის დიაზს (აშშ) შორის გამარჯვებულს შეხვდება. ასევე მე-2 წრიდან გამოვა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) მისი მეტოქის ვინაობა მაროკოელი აბდერაჰმანე ბუშიტასა და თურქი მუჰამედ დემირელის დაპირისპირებაში გაირკვევა.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) მე-2 წრიდან იჭიდავებს და მისი მეტოქე შვეიცარიელი ნილს სტამპი ან ტაჯიკი მუჰამადრაჰიმ სარახონოვი იქნება. ასევე მეორე ეტაპიდან იასპარეზებს ტატო გრიგალაშვილი (81კგ). იგი ფრანგ ალფა უმარ ჯალოსა და პოლონელ პაველ დრჟიმალს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ორი ძიუდოისტი გვეყოლება 90 კგ წონით კატეგორიაში. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ავსტრალიელი ჰარისონ კასარისა და იაპონელი კოსუკე მაშიამას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ასევე ტოვებს პირველ წრეს ლუკა მაისურაძე. მისი მეტოქე ლიბანელი კარამნობ საგაიპოვისა და ესტონელი მატიას კუუსიკის დაპირისპირებაში გამოვლინდება.
100 კგ-ში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვეტერანი ვარლამ ლიპარტელიანი ესტონელი გრიგორი მინასკინისა და ხორვატი ზლატკო კუმრიჩის შეხვედრაში გამარჯვებულთან იჭიდავებს, ხოლო ამავე წონაში გამომსვლელი მეორე ქართველი ილია სულამანიძის მოწინააღმდეგე გერმანელი დანიელ ჰერბსტი ან ხორვატი მარკო კუმრიჩი იქნება.
მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი (+100) ტურნირზე პირველ წრეს გამოტოვებს. ის მეორე წრეში რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუსა და სლოვენიელი ვიტო დრაგიჩის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება.
ქალთა შეჯიბრებაზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) პირველ წრეში დაისვენებს. ქართველი მეორე ეტაპზე ჩინელ ქი საისა და სერბი მარისა პერიშიჩის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება. მსოფლიო პირველობაზე გამომსვლელი მეორე ქალი ძიუდოისტი, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) პირველივე შეხვედრაში ოლიმპიურ (2012) და მსოფლიოს ორგზის (2013, 2014) ჩემპიონ იდალის ორტიზს (კუბა) დაუპირისპირდება.
მსოფლიოს ჩემპიონატი ტაშკენტში ხვალ, 6 ოქტომბერს დაიწყება. 13 ოქტომბერს კი გუნდური ასპარეზობით დასრულდება, სადაც საქართველო წილისყრით პირველ წრეში საფრანგეთს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მსოფლიოს პირველობა ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.