ძიუდო | სომხიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, თუშიშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს სოფიო სომხიშვილმა (+78კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა აზერბაიჯანელი ნიგარ სულეიმანოვა დაამაცხა და მერვედფინალში გავიდა.
წარუმატებლად გამოვიდა ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი, რომელმაც პირველივე ორთაბრძოლა 20 წლის თურქ ერგინთან დათმო.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.