ძიუდო | ნინო ლოლაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, ტერაშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს. ნინო ლოლაძემ ტურნირზე პირველი გამარჯვება არგენტინელ გომესთან მოიპოვა და 1/16-ფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ ილიევას შეხვდება. შეჯიბრს პირველივე ორთაბრძოლის შემდეგ გამოეთიშა გიორგი ტერაშვილი (73 კგ) – ქართველი ფრანგ გაბასთან გაფრთხილებებით დამარცხდა.
დღეს მსოფლიო პირველობაზე მედლები მამაკაცთა 66 და 73, ხოლო ქალთა შორის 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) პირველ წრეს გამოტოვებენ და ტურნირში მოგვიანებით ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-ში გამომსვლელი 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან გაიმართება.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.