ძიუდო | ნინიაშვილმა და ჩიხელიძემ ბაქოს გრანდ სლემზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც გიორგი ჩიხელიძემ და ბაგრატ ნინიაშვილმა (ორივე – 73 კგ) პირველი გამარჯვებები მოიპოვეს.

ნინიაშვილმა პირველ წრეში ბარზილიელი ვინისიუს არდინა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევს შეხვდება. ჩიხელიძემ კი ტაჯიკ ასადულოევს სძლია და მეოთხედფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშის მოასპარეზე კუზნეცოვს დაუპირისპირდება.

დღეს გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი ირაკლი ბეროშვილი (81 კგ) შეჯიბრზე პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა.

15 თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა მამაკაცთა შორის 73 და 81, ქალთა შორის კი 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაირკვევა, ხოლო 16 თებერვალს – მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 და ქალთა შორის 78 და +78 კგ-ებში.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.