ძიუდო | ილია სულამანიძემ მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა.
21 წლის ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირება აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან ვაზარით წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
მსოფლიო პირველობაზე დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი, ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც მედლის გარეშე დარჩა. მან მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა დათმო.
შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.
ხვალ, 13 მაისს, დოჰაში ინდივიდუალური დაპირისპირებების ბოლო დღეს მამაკაცთა შორის მედლისთვის გურამ თუშიშვილი (100+ კგ) იბრძოლებს, ქალთა შორის კი ასპარეზობაში სოფიო სომხიშვილი (78+ კგ) ჩაერთვება.