ძიუდო | ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძე (+100კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.
ქართველმა მეოთხედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა და ფინალური საგზურისთვის ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმან ადამიანს დაუპირისპირდება.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – მძიმეწონოსნები გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.