ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველი სპორტსმენები წარმატებულად ასპარეზობენ. ტურნირის ფინალში იჭიდავებს ილია სულამანიძე (100კგ).
ქართველმა ნახევარფინალში ფრანგი აურელიენ დისსე დაამარცხა და ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ კოცოევს ან ნეიტრალური დროშით გამომსვლელ კანიკოვსკის შეხვდება. ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი, ხოლო გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლის აღებას შეეცდება.
თუშიშვილმა ნახევარფინალში ყაზახ კახბიბაევს იპონით მოუგო და ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ინალ ტასოევს შეხვდება. ზაალიშვილის მეტოქე კი ბაშაევია.
სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილი (100კგ), ვლადიმერ ახალკაცი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 90 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
22 ოქტომბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.