ძიუდო | გიორგი ჩიხელიძე პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი – გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ვლადიმერ ახალკაცი (ორივე – 81 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც წარმატებულად მხოლოდ ჩიხელიძე გამოდის.
ქართველმა ტურნირზე უკვე სამი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს – ჩიხელიძემ მერვედფინალში ბრაზილიელ ფალკაოს სძლია. ნახევარფინალში გასასვლელად იგი მოლდოველ ადილ ოსმანოვს დაუპირისპირდება.
პრესტიჟული ტურნირის პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და თენგიზ ზირაქაშვილი (66 კგ) გამოვიდნენ – ორივე მათგანმა ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.