ძიუდო | გიორგი ათაბეგაშვილი - ოქროს მედლის მოპოვებას ზედიზედ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე ვგეგმავთ #1TVSPORT
6-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. მსოფლიო პირველობასა და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხდა, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. მისივე განცხადებით, ჩვენი ბიჭები ზედიზედ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებას გეგმავენ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ შეჯიბრზე გამომსვლელ ყველა მამაკაც ძიუდოისტს (ლაშა ბექაურის გარდა), მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს სხვადასხვა სინჯის მედლები.
ჩვენი ნაკრები ტაშკენტში დღეს გაემგზავრა. ინდივიდუალურ ასპარეზობებში გამომსვლელი ძიუდოისტების გარდა, ტურნირზე გუნდურ შეჯიბრში მონაწილებას ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ტერაშვილი და ნინო გულბანიც მიიღებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:
კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).
მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები 6 ოქტომბერს 60 კგ წონით კატეგორიაში მამაკაცებში, ხოლო 48 კგ-ში ქალებში გათამაშდება, 13 ოქტომბერს კი, ტურნირი გუნდური შეჯიბრით დასრულდება.