ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე – 73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) იბრძოლებენ.
კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს შეჯიბრზე ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.
2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.