ძიუდო | ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლის მოპოვების შანსს მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ინარჩუნებდა, მაგრამ ქართველი რეპეშაჟში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ფრანგ სარა ლეონ სისიკეს შეხვდა და ვაზარით დამარცხდა.
კონტინენტის პირველობაზე დღეს გამომსვლელი სამი ძიუდოისტი – ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.