ძიუდო | ბექაურმა და თუშიშვილმა ევროპის პირველობაზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტურნირის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგან მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ტურნირს პირველივე დაპირისპირებაში დაემშვიდობა.
ტურნირზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს ლაშა ბექაურმა (90კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100). ბექაურმა პირველ წრეში ორი ვაზარით აზერბაიჯანელი ფიტიევი დაამარცხა, გურამმა კი გერმანელ აბრამოვს სძლია. ილია სულამანიძეს (100კგ) და მძიმეწონოსან სოფიო სომხიშვილს პირველი შეხვედრები ჯერ არ ჩაუტარებიათ.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყო, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.