ძიუდო | 20 მაისს მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. ტურნირზე მედლები მამაკაცთა 66 და 73, ხოლო ქალთა შორის 57კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება.
66 კგ-ში მსოფლიო პირველობაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს მურად ჩოპანოვს ან არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელ ნარმანდახ ბაიანმუნხს დაუპირისპირდება.
73 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი ძიუდოისტი ეყოლება – გიორგი ტერაშვილი ფრანგ ჟან-ბენჟამინ გაბას შეხვდება, ლაშა შავდათუაშვილი კი მონღოლი ანხზაია ლავაჯარგალისა და ჯიბუტელი ადენ-ალექსანდრე ჰუსეინს შორის გამარჯვებულთან იჭიდავებს. ქალთა შეჯიბრებაში ნინო ლოლაძე (57 კგ) პირველ წრეში არგენტინელ ბრისა გომესს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-ში გამომსვლელი 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან გაიმართება.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.