ძილში კბილების კრაჭუნი — ძირითადი მიზეზები და მკურნალობის გზები #1tvმეცნიერება
ძილში კბილების კრაჭუნი — ძირითადი მიზეზები და მკურნალობის გზები #1tvმეცნიერება

დღისით თუ ღამით, ბევრი ჩვენგანი კბილებს აკრაჭუნებს ან უჭერს, თანაც ისე, რომ ვერც კი ხვდება. სამი კითხვა, რომელიც ამ დროს საკუთარ თავს უნდა დაუსვათ.

კვირაში ერთხელ მაინც, თქვენ:

  • გრძნობთ ტკივილს საფეთქელში, სახეზე, ყბაში ან ყურთან ახლოს?
  • გრძნობთ თუ არა ტკივილს პირის გაღებისას ან ღეჭვისას?
  • გრძნობთ, როგორ იკეტება ყბა, ტკაცუნობს ან იჭედება კიდეც?

თუ ერთ კითხვაზე მაინც თქვენი პასუხი არის „დიახ“, თქვენ შეიძლება კბილებს აკრაჭუნებდეთ ან უჭერდეთ (ბრუქსიზმი).

რატომ ვაკეთებთ ამას? არსებობს თუ არა რაიმე გზა ამის შესაჩერებლად? მოდით, განვიხილოთ.

რა ხდება, როცა კბილებს უჭერთ ან აკრაჭუნებთ

კბილების კრაჭუნი ან მოჭერა უნებლიეა. ჩვენ არაცნობიერად ვააქტიურებთ საღეჭ კუნთებს, ქვედა ყბას ვჭიმავთ და ვქაჩავთ, კბილებს ერთმანეთს ვაჭერთ და ვუხახუნებთ.

ექვსიდან თითქმის ერთი ადამიანი ამას ძილში აკეთებს, ერთი კი სიფხიზლეში.

ძილში კბილების კრაჭუნს სხვანაირი ხმა აქვს (თუ ვინმესთან ერთად გძინავთ, პარტნიორს შეუძლია გითხრათ ამის შესახებ).

არის თუ არა ეს თქვენთვის ცუდი?

როგორც წესი, მსუბუქი, პერიოდული კრაჭუნი და მოჭერა პრობლემას არ წარმოადგენს.

მაგრამ თუ ამას ხშირად და ძალიან ძლიერად აკეთებთ, ამ ჩვევამ შეიძლება დააზიანოს მრავალი კბილი, ყბის სახსრები, კუნთის ქსოვილები, დაარღვიოს ძილი და ხელი შეუწყოს თავის დაჭიმულობით ტკივილსა და ყურის ტკივილს.

ეს პრობლემა შეიძლება მტკივნეული და სამართავად ძვირი გახდეს.

დროთა განმავლობაში, შეიძლება დაამსხვრიოს და დაბზაროს თქვენი კბილებიც.

რატომ ვუჭერ ან ვაკრაჭუნებ კბილებს?

როგორც წესი, მიზეზი ფიზიკური, ფსიქიკური და ცხოვრების წესის ფაქტორების ნაზავია.

უფრო მეტად სავარაუდოა, რომ კბილებს უჭერდეთ ან აკრაჭუნებდეთ, თუ:

ასევე ძლიერი კავშირია ძილის აპნოესთან — მდგომარეობა, რომლის დროსაც ძილის დროს რეგულარულად აჩერებთ სუნთქვას, რის გამოც, თავის ტვინსა და სხეულს აღარ მიეწოდება ჟანგბადი.

ჟანგბადის დაბალი დონე იწვევს სტრესის ჰორმონების გამოყოფას. ეს კი ზრდის თქვენი გულისცემის მაჩვენებელს და ააქტიურებს მთელი სხეულის კუნთების სპაზმებს, რასაც ასევე შეუძლია გაზარდოს კბილების მოჭერა და კრაჭუნი.

შეუძლია თუ არა ჩემს სტომატოლოგს კბილების დათვალიერებით ამის გარკვევა?

როგორც წესი, თქვენი სტომატოლოგი განიხილავს ჯანმრთელობის პრობლემებსა და მედიკამენტებს. შეიძლება გკითხოთ, გაქვთ თუ არა ყბის ტკივილი, თავის ტკივილი, ღეჭვის გაძნელება ან ყბის გაჭედვა. შეიძლება ასევე გკითხოთ ძილის შესახებ.

სტომატოლოგი პირის ღრუში მოძებნის დაზიანებულ ან გაცვეთილ კბილებს ან ბჟენებს.

გაცვეთილი კბილები, როგორც წესი, შეიძლება ასევე იყოს მჟავის რეფლუქსის შედეგი. ამ დროს, კუჭის მჟავა პირში ამოდის და არბილებს კბილის ემალს.

შედეგად, ვისაც კბილების კრაჭუნი ახასიათებს და ამავე დროს ასევე აწუხებს რეფლუქსი, კბილები უფრო სწრაფად ემტვრევათ და უცვდებათ.

კიდევ ერთი გავრცელებული ნიშანია თეთრი ამობურცულობები ლოყების შიგნიდან და ნიჟარის ფორმის ჩაღრმავებები ენის გარშემო. ამის მიზეზი ისაა, რომ ლოყები და ენა ხშირად კრაჭუნისას კბილებში ჰყვება.

სხვა ნიშნები, რომლებიც შეიძლება თქვენმა სტომატოლოგმა მოძებნოს, არის:

  • შეკუმშული ან დასუსტებული ღრძილები
  • მოყანყალებული კბილები და
  • კბილები, რომლებიც გადაადგილებულია თავდაპირველი პოზიციიდან.

რა შემიძლია მოვიმოქმედო?

კბილების მოჭერა და კრაჭუნი ძლიერ მართვადია. თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტი დაგეხმარებათ მიზეზების დადგენაში და სიმპტომების მართვაში.

თქვენს ექიმს შეუძლია მიმოიხილოს წამლები, რომლებსაც სვამთ და შეისწავლოს პოტენციური გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა რეფლუქსი, ართრიტი ყბაში ან ძილის აპნოე.

ასევე შეგიძლიათ, ექიმს სთხოვოთ შეგამოწმოთ ძილის აპნოეზე, რათა დადგინდეს, გჭირდებათ თუ არა პოლისომნოგრაფიული ტესტი.

ეს ტესტი ოქროს სტანდარტია ძილის დარღვევების დიაგნოსტირებაში, მათ შორისაა კბილების მოჭერა და კრაჭუნიც.

იმისათვის, რათა დადგინდეს, საჭიროა თუ არა ეს ტესტი, ექიმი შეგეკითხებათ ძილის მდგომარეობისა და დაღლილობის დონის შესახებ ასევე გკითხავთ, გერევათ თუ არა ძილი ყოველდღიური საქმიანობის დროს.

ყბის ტკივილში სპციალიზებულ ფიზიოთერაპევტს შეუძლია, დაგეხმაროთ ყბის გაჭედვის, კაკუნის ან დაჭიმულობით თავის ტკივილის მართვაში ინდივიდუალური ვარჯიშებისა და გაჭიმვის კომბინაციის მეშვეობით.

ასევე შეიძლება დაგეხმაროთ ტკივილგამაყუჩებლები.

კბილების ცვეთის, კუნთების დაჭიმულობისა და ყბის კაკუნისგან დასაცავად, სტომატოლოგმა შეიძლება გირჩიოთ ღამის დამცავი ან ოკლუზიური გამყოფი. ეს არია აკრილის ან ნეილონის სამაგრები, რომლებიც სპეცუალურად ზედა ყბის კბილებზე მოსარგებად მზადდება — პირის ღრუს სპორტული დამცავების მსგავსი, მაგრამ უფრო პატარა.

როდესაც ეს ვარიანტები სიმპტომებს არ ამსუბუქებს, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება განიხილოს ბოტოქსის ინექციები, რათა დაიბლოკოს ის სიგნალები, რომლებიც ყბის კონკრეტული კუნთების მოძრაობას აკონტროლებს; შედეგად, შემცირდება კბილების მოჭერა და მასთან დაკავშირებული ტკივილი.

თუმცა, ბოტოქსი ძვირია და ყველასთვის ეფექტიანი არ არის. ამავე დროს, აქვს ხანმოკლე მოქმედება და შესაბამისად, საჭიროა ხშირი ვიზიტი ნევროლოგთან ან სპეციალურად ამ საქმისთვის მომზადებულ სტომატოლოგთან.

დასკვნა

თუ ფიქრობთ, რომ კბილებს აკრაჭუნებთ, ყველაზე კარგი დასაწყისია ექიმთან ან სტომატოლოგთან გასაუბრება.

თუმცა გახსოვდეთ, ფიზიოთერაპია, ძილში პირის ღრუს დამცავები და ტკივილგამაყუჩებლები მკურნალობს კრაჭუნის შედეგებს და არა მიზეზებს.

შესაბამისად, ნამდვილად ღირს, იფიქროთ სტრესის შემცირების გზებზე და ძილის კარგი ჩვევების გამომუშავებაზე.

რამდენიმე მარტივი ცვლილებამ დასვენებისა და განტვირთვისთვის — მაგალითად, ნაკლები კოფეინისა და ალკოჰოლის მიღებამ და ღამით საძინებელში ელექტრონული მოწყობილობების არგამოყენებამ — შეიძლება გაგიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და თავიდან აგაცილოთ ტკივილი და ძვირად ღირებული მკურნალობა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.