ძღვენი მიცვალებულთათვის - ცენტრალურ ამერიკაში „გარდაცვლილთა დღე“ აღნიშნეს
ძღვენი მიცვალებულთათვის - ცენტრალურ ამერიკაში „გარდაცვლილთა დღე“ აღნიშნეს

მექსიკელებს სჯერათ, რომ ადამიანი სამჯერ კვდება. პირველად სიკვდილი მაშინ მოდის, როცა ადამიანი საკუთარ მოკვდავებას აცნობიერებს, მეორე სიკვდილი ფიზიკური გარდაცვალებაა, მესამე კი დავიწყება – წამი, როცა გარდაცვლილის სახელი ცოცხლებში უკანასკნელად წარმოითქმის.

მექსიკაში, ისევე, როგორც მთელ ცენტრალურ ამერიკაში სწამთ, რომ შემოდგომაზე ზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის იშლება და გარდაცვლილთა სულები რამდენიმე საათით მათი ოჯახის წევრებთან ბრუნდებიან.

გვიანი შემოდგომის დამდეგს, როცა მეხიკოში ჯაკარანდას ხეების ფოთლები ნარინჯისფერი ხდება, ქალაქებში გარდაცვლილები „ბრუნდებიან“. ჩონჩხის სახიანი და ყვავილებით მორთული ადამიანები მექსიკის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ უძველეს დღესასწაულში მონაწილეობენ. ეს მკვდრების მანიფესტაციაა, რომელიც პირველ და 2 ნოემბერს მექსიკაში, გვატემალაში, სალვადორში, ჰონდურასსა და ნიკარაგუაში აღინიშნება, საყოველთაო დღესასწაულის სახე კი გამორჩეულად მაინც მექსიკელებისთვის აქვს.

„გარდაცვლილთა დღეს“ (Día de los Muertos), რომელიც ორ კათოლიკურ დღესასწაულს – ყველა წმინდანის დღესა და მიცვალებულთა ხსენების დღეს ემთხვევა, წარმართული ფესვები აქვს. ეს დღე მაიას ტომისა და აცტეკების უძველეს დღესასწაულს უკავშირდება, როცა მკვდრების საუფლოს, მიტკლანის ქალღმერთ მიტკლანსიუატლისადმი ძღვენის მირთმევის რიტუალს აღასრულებდნენ.

აცტეკურ მითოლოგიაში მიტლანსიუატლის ჩონჩის თავის ქალით გამოსახავდნენ, ხოლო მისი ტაძარი ასობით თავისქალით იყო მორთული. სწორედ წარმართი ქალღმერთის გარეგნობას უკავშირდება ტრადიცია, როცა ცენტრალურ ამერიკაში ნოემბრის პირველ ორ დღეს ადამიანები ჩონჩის ნიღბებს ატარებენ. მოგვიანებით, მე-20 საუკუნის დასაწყისში მექსიკელმა მხატვარმა, ხოსე პოსადამ ამ დღისთვის სიკვდილის სახე შექმნა – მე-19 საუკუნის ევროპულ სამოსში ჩაცმული ქალი და მამაკაცი, რომლებსაც ჩონჩხის, იგივე Calavera-ს ნიღაბი უკეთიათ. პოსადას ცნობილი ხუმრობა Todos somos Calaveras („ყველანი ჩონჩხები ვართ“) ცენტრალურ ამერიკაში ფრთიან ფრაზად იქცა, ეს დღე კი მექსიკის ტრადიციულ დღესასწაულად, რომლის თემაზეც ორმა მექსიკელმა მხატვარმა, ფრიდა კალომ და დიეგო რივიერამ არაერთი ფერწერული ტილო შექმნეს. „გარდაცვლილთა დღე“ მექსიკელი მწერლის, ხუან რულფოს ცნობილი რომანის, „პედრო პარამო“ შთაგონების წყაროდაც იქცა.

„გარდაცვლილთა დღეს“ ტირილი აკრძალულია. მექსიკაში „გარდაცვლილთა დღე“ ზეიმის დღეა, როცა საიქიოდან დროებით დაბრუნებული სულები ცოცხლებმა ტირილით არ უნდა შეაწუხონ. პირველ და 2 ნოემბერს მექსიკელები სასაფლაოზე მიდიან. ბევრი მათგანი ღამეს იქ ათენებს, სადაც სანთლებით განათებული საფლავი ყვავილებით, ტკბილეულით, სხვადასხვა დეკორაციული ნივთებით, ძველი საოჯახო ფოტოებითაა მორთული. ბავშვების საფლავებზე მშობლებს და ნათესავებს ახალი სათამაშოები მიაქვთ. იმ დღეს სასაფლაოზე ტირილი არ ისმის, რადგან მექსიკელებს სჯერათ, რომ გარდაცვლილთა სულების დაბრუნებას სიცილით უნდა შეეგებონ.

მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სან ხუან ბაუტისტა ტუსტეპეკში სასაფლაოებს ხის ფერადი ნახერხით, ბრინჯისა და ლობიოს შეღებილი მარცვლებით რთავენ. ეს ერთადერთი ადგილია მექსიკაში, სადაც მაიას ტომის ძველი ტრადიცია შემორჩა.

„გარდაცვლილთა დღე“ გამორჩეულად აღინიშნება მეხიკოდან 350 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ პატსკუაროშიც, სადაც მკვიდრი მოსახლეობაა შემორჩენილი. მიჩოაკანის შტატის მცხოვრებნი შემოდგომის მესამე თვის პირველ დღეს პატსკუაროს ტბასთან იკრიბებიან. ღამე სანთლებითაა განათებული, როცა ტბის ზედაპირს ყვავილებით რთავენ, შემდეგ სანთლებს მცირე ზომის ხის ნავებში ათავსებენ და ტბაში უშვებენ. მიჩოაკანელები საიქიოდან დაბრუნებულ გარდაცვლილთა სულებს ამ რიტუალით ეგებებიან.

მექსიკურ „გარდაცვლილთა დღესა“ და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფესვგადგმულ დღესასწაულ ჰელოუინს შორის არაერთი მსგავსება არსებობს, თუმცა ორივე ქვეყნისთვის სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს.

ჰელოუინი ნიუ იორკში

ჰელოუინი „გარდაცვლილთა დღეზე“ ერთი დღით ადრე, 31 ოქტომბერს აღინიშნება და ძველი ევროპული, კელტური ფესვები აქვს. ამის მიუხედავად, დღეს ჰელოუინი რიტუალებისგან სრულიად დაცლილია, განსხვავებით მექსიკური დღესასწაულისგან. ეს დღე შეერთებულ შტატებსა და კანადაში ბავშვებისთვის ერთ-ერთ გასართობ დღესაწაულადაა ქცეული, როცა დეკორაციებით სახლის ეზოებს რთავენ და არა საფლავებს, ტკბილეულს კი ბავშვებს უნაწილებენ და არა გარდაცვლილებს. ამავდროულად, ჰელოუინის მონაწილეებს შეუძლიათ ნებისმიერი კოსტუმი თუ ნიღაბი შეარჩიონ, მექსიკაში კი ამ დღეს მხოლოდ ჩონჩხის სახეს ატარებენ.

ბევრი ფოლკლორისტი მიიჩნევს, რომ ჩონჩხის ნიღბით მექსიკელები სიკვდილს დასცინიან, რადგან გარდაცვლილები იმ ორი დღის განმავლობაში სიკვდილის დამარცხებას და საიქიოდან დაბრუნებას ახერხებენ, ხოლო ჰელოუინზე მონსტრების, კუდიანების, სხვადასხვა ზღაპრისა და ანიმაციური ფილმების გმირების კოსტიუმებით ბოროტი სულების დასაფრთხობად იმოსებიან.

ჰელოუინსა და „გარდაცვლილთა დღეს“ შორის კიდევ ერთი უმთავრესი განსხვავებაა – ამერიკელებისა და კანადელების უმრავლესობამ იცის, რომ ჰელოუინი მხოლოდ გასართობი დღესასწაულია, მექსიკელების დიდ ნაწილს კი სჯერა, რომ იმ დღეს სასაფლაოზე მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სულები ბრუნდებიან, ამიტომაც ამ დღეს ცენტრალურ ამერიკაში საკრალური დატვირთვა აქვს, ვიდრე 31 ოქტომბერს ჩრდილოეთ ამერიკისთვის.

2008 წელს გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) მექსიკური დღესასწაული „გარდაცვლილთა დღე“ – Día de los Muertos არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.