ძალოვან უწყებებში 5.5 მილიონი ლარის ღირებულების გამოუყენებელი უნიფორმებია დაგროვილი
ძალოვან უწყებებში 5.5 მილიონი ლარის ღირებულების გამოუყენებელი უნიფორმებია დაგროვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ძალოვან უწყებებში 5.5 მილიონი ლარის ღირებულების გამოუყენებელი უნიფორმებია დაგროვილი, ამის მიზეზი კი უნიფორმების ფერისა და დიზაინის ხშირი ცვლილებაა.

„თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში, გამოუყენებელი ნაშთის მნიშვნელოვანი ნაწილი 2004 და 2009 წლებიდან მომდინარეობს (გრანტით გადმოცემული ქონება), რომელიც განსხვავებული მოჩითვის, ფერის, ზომებისა და სხვა ფაქტორების გამო ვერ იქნა გამოყენებული. 2009 წლის შემდეგ უნიფორმის ტიპი არ შეცვლილა“, – აღნიშნულია ძალოვანი უწყებების უნიფორმებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში.

უწყებების მიხედვით, გამოუყენებელი უნიფორმების ღირებულება ასეთია: თავდაცვის სამინისტრო – 2 868 450 ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 2 019 544 ლარი; დაცვის პოლიცია – 321 188 ლარი; შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – 221 628; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – 123 705.

ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალოვან უწყებებში არ არსებობს უნიფორმების მარაგების მართვის დადგენილი პოლიტიკა. კერძოდ, არ არის დადგენილი უნიფორმის თითოეული ატრიბუტიკის სარეზერვო ნორმა.

„შსს-ს დადგენილი აქვს სარეზერვო ნორმა მხოლოდ საველე უნიფორმაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ყველა ტიპის უნიფორმისთვის დადგენილი აქვს ერთი და იგივე სარეზერვო ნორმა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურის ცნობითვე, უნიფორმების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერების 30 პროცენტი არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა.