ძალიან შორს ხომ არ წახვედით, ბატონო თემურ - კვიპროსული გამოცემა ქართველ მწვრთნელს მიმართავს
ძალიან შორს ხომ არ წახვედით, ბატონო თემურ - კვიპროსული გამოცემა ქართველ მწვრთნელს მიმართავს

„ძალიან შორს ხომ არ წახვედით, ბატონო თემურ?“, – ამ შეკითხვით საჯარო წერილში ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას გამოცემა tothemaonline-მა მიმართა.

ეს იყო რეაქცია ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის მორიგ ხმაურიანი შოუზე, რომელიც ქეცბაიამ ქვეყნის ჩემპიონატის მე-9 ტურში, გასვლაზე „ნეა სალამინასთან“ მოგების (4:1) შემდეგ მოაწყო.

პრესკონფერენციაზე ნიღბით მისულმა თემურ ქეცბაიამ თამაში ისევ მოკლედ შეაფასა („ისევ ყველაფერი კარგადაა“) და შეკითხვებს თითო სიტყვით უპასუხა.

„თემურ ქეცბაიამ „ნეა სალამინასთან“ მატჩის შემდეგ შინაარსობრივი კომენტარი კვლავ არ გააკეთა და მორიგი ხმაური გამოიწვია. ცხადია, ამგვარად შეტყობინებებსა და „პასუხებს“ უგზავნის კვიპროსული ფეხბურთის მმართველებს, რომლებიც, კვირაში ერთხელ სპორტის არბიტრაჟში იბარებენ და აჯარიმებენ. თავიდან ვთქვით და დავწერეთ, რომ თემურმა კარგი შოუ მოაწყო, მაგრამ ახლა უკვე გადააჭარბა. ჟურნალისტების გარდა (შემდეგ ჯერზე პრესკონფერენციაზე აღარ წავალთ), უპატივცემულობა საფეხბურთო საზოგადოების მიმართაც გამოავლინა. ეს ეხება არა მხოლოდ „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს, არამედ ზოგადად იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემპიონატს თვალს ადევნებენ. ბოლოს და ბოლოს, ისინი ქეცბაიასგან „ნეა სალამინას“ წინააღმდეგ თავისი გუნდის თამაშის შეფასებას ელოდნენ“, – წერს გამოცემა tothemaonline.

შეგახსენებთ, რომ პრესკონფერენციის ფაქტობრივი უგულველყოფისთვის, თემურ ქეცბაია მიმდინარე სეზონში კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ სამჯერ დასაჯა და ჯამში ქართველმა მწვრთნელმა 15 ათასი ევრო გადაიხადა.