„ძალა ერთობაშიას“ წევრი პარტიები უახლოეს პერიოდში გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთიანი სიით
„ძალა ერთობაშიას“ წევრი პარტიები უახლოეს პერიოდში გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთიანი სიით

მიიღებს თუ არა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობას, უახლოეს პერიოდში გადაწყდება. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს.

მისივე განცხადებით, ეს მათ შორის კვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც ოპოზიციამ გადადგა, ეს არის საერთო მაჟორიტარული ბლოკი, რომელიც თბილისში გვაქვს. ეს არის გაცილებით დიდი თანამშრომლობა, ვიდრე მხოლოდ „ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიცია“. რაც შეეხება, როგორი ფორმით მიიღებს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მონაწილეობას არჩევნებში, ამაზე უნდა დავსხდეთ, შევჯერდეთ. მე ველოდები კვლევის შედეგებს კვირის ბოლომდე, რომლითაც ზუსტად დავადგენთ, გამარჯვების ფორმულა რა არის და ამ ფორმულას შევთავაზებთ ყველა კოლეგას“, – აცხადებს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეთანხმება, რომელზეც ხელი კოალიციის წევრ 10 პარტიას აქვს მოწერილი, საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობას არავის ავალდებულებს.

„ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წესდება, როგორ ვიკრიბებით, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და თუ კოალიციურად გავდივართ შემდგომ არჩევნებზე, რა პრინციპით მოხდება კოალიციის ფორმირება. ნებისმიერ წევრს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, დამოუკიდებლადაც მიიღოს მონაწილეობა და კოალიციასთან ერთადაც და თუ კოალიციასთან ერთად იღებს მონაწილეობას, იქ არის წესები გაწერილი, თუ დამოუკიდებლად იღებს, ესეც კონსტიტუციური უფლებაა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის. თუ მას სურვილი აქვს დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღების, ამას ვერავინ აუკრძალავს. არ ვიცი, რატომ ნერვიულობენ ადამიანები, მე არ ვიცი, როდის დადგა ეს საკითხი, უბრალოდ, გუშინ გავიგე რაღაც განცხადებები, როდის დააყენა, ვინ დააყენა ეს საკითხი, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

თაკო ჩარკვიანი არის ძალიან ძლიერი კანდიდატურა ჩემი აზრით საბურთალოზე და მე აუცილებლად მექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მსჯელობა, რომ შეთანხმების გზით ვიაროთ მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ზოგადად, მე თაკო ჩარკვიანს, რაღა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ყველა მის პოლიტიკურ ნაბიჯში.
მე პარასკევს კვლევის შედეგები ჯერ არ მექნება, ჩემი სპეციალობა არის სტრატეგია, მენეჯმენტი მართვა და მიყვარს ყველაფერი გავაკეთო არა იმაზე დაყრდნობით, ვის რა უნდა, კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ იმაზე დაყრდნობით, ხალხს რა უნდა. ამიტომ, ვატარებთ კვლევებს, ველოდებით საზოგადოებრივ აზრს და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ ნებისმიერმა გადაწყვეტილება და თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ ცალკე მიიღოს მონაწილეობა, მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება, ვინმეს კოალიციიდან გასვლა აუკრძალოს“, – აცხადებს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის თქმით, ყველა რეგიონში ოპოზიციის მიერ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელების აუცილებლობა არ დგას.

„ჩვენი გუნდი სიღრმისეულად შეისწავლის საზოგადოებრივ აზრს. არ ვიცი, სხვა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ჩვენზე უფრო ინტენსიურად რეგიონებში დადიოდეს. ჩვენ ნახევარი საქართველო უკვე შემოვიარეთ და კიდევ ვაგრძელებთ. ხალხის მოთხოვნა არის თანამშრომლობა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან რეგიონებში მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობა წაადგება საერთო საქმეს. თუმცა, აქვე ვამბობ, რომ არის სპეციფიკური რეგიონები, სადაც პირიქით, უკეთესია, ოპოზიციამ რამდენიმე მაჟორიტარული კანდიდატი დაასახელოს, მაგალითისთვის, ეს არის ახალქალაქი-ნინოწმინდა, ეს არის მარნეული, ეს არის მაღალმთიანი რაჭა-ლეჩხუმი სვანეთი. სამეგრელოში ზოგიერთ მიმართულებაზე და არა ყველგან. ზუგდიდში მე ვფიქრობ, ოპოზიცია დამაჯერებლად გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე“ ერთიანი კანდიდატით. მოხდება ამაზეც მსჯელობა, აქაც არმაგედონს არ ვხედავ, მოხდება თუ არა შეთანხმება, ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირველი დიდი ნაბიჯი გადავდგით თბილისის მაჟორიტარული ოლქები შეთანხმებაზე“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.