„ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის მე-40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს
„ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის მე-40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის მე-40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აღნიშნავენ, ჰასმიკ მარანგოზიანს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ნული ლარის საფასურად ბინა გადაეცა.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ახალქალაქის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საჩუქრად მიღებული საცხოვრებელი ერთგვარი კომპრომატია, რომლითაც ხელისუფლება მარანგოზიანს მისდა სასარგებლოდ გამიოყენებს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ლევან ბეჟაშვილი ასევე მიუთითებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული ბრძანება უწყებაში ვერ მოიძებნა და შესაბამისად ოპოზიციას ვერ მიაწოდეს.

„ვხედავთ, რომ სპეცსამსახურები თავის სტილში ზემოქმედებენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებზე, ამ შემთხვევაში ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, მათ აქვთ პირდაპირი კომპრომატი.  წლების განმავლობაში ახალქალაქი გამოირჩეოდა ხმების მაქსიმალური მობილიზების თვალსაზრისით. გაყალბების რისკები ამ ოლქში ყოველთვის მაღალი იყო. თუ გავიხსენეთ იგივე 2014, 2016 და 2017 წლის სხვადასხვა დონის არჩევნებს“, – აღნიშნავს ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციონერის თქმით, ვიდრე პროკურატურა საქმით არ დაინტერესდება და მას არ გამოიძიებს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.