დუშეთში მგელმა ქალი დაკბინა
დუშეთში მგელმა ქალი დაკბინა

დუშეთის რაიონში შუახნის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მგელმა დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც თავად დაშავებული ყვება, ის ნახირიდან დაბრუნებულ საქონელს ელოდებოდა, რა დროსაც მგელი დაესხა თავს.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანებული ჰქონდა სახე და ზედა კიდურები.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს ჩაუტარდა რამდენიმე, მათ შორის პლასტიკური ოპერაციაც. მისივე თქმით, ამ დროისთვის პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მძიმე დაზიანებები იყო. სახეზე ჰქონდა მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობა. ორივე ხელი ჰქონდა მძიმედ დაზიანებული და ზურგზეც ჰქონდა მრავალი ნაკბენი. სპეციალური ბრიგადის მიერ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა. სახის დაზიანებები პლასტიკური ქირურგის მიერ იქნა აღდგენილი. ხელის აღდგენა მოხერხდა ყველა სტრუქტურის აღდგენით, თუმცა შესაძლოა, მოჰყვეს გართულებები, რადგან მგელის ნაკბენით მიყენებული ჭრილობები რთულად ხორცდება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ექიმმა, ირაკლი ფერაძემ.