დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლებაზე ტენდერი გამოცხადდა
დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლებაზე ტენდერი გამოცხადდა

დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლებაზე დაახლოებით 4.6 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. პროექტის განხორციელება მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში იგეგმება.

პროექტით გათვალისწინებულია დუშეთის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმინდა ნინოს და შამანაურის ქუჩების – ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების და იქ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19 მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები. პროექტის მიზანია მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.

„სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი ეხება შენობების ფასადების და გარეგანი იერსახის რეაბილიტაციას. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, განსაზღვრულია ასევე ზოგიერთი შენობის ავარიული ნაწილების, მზიდი კონსტრუქციების გამაგრებითი ღონისძიებები, შესაბამისი სამუშაოებს განხორციელებით ინტერიერშიც“, – წერია ფონდის საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 21-25 ივლისს შეეძლებათ. სამუშაოს დასრულება კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა მოხდეს.