დუისის პოლიციაში მაჩალიკაშვილების ორი მეზობელი დაიკითხა
დუისის პოლიციაში მაჩალიკაშვილების ორი მეზობელი დაიკითხა

დუისის პოლიციაში დღეს დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ორი მეზობელი დაიკითხა, – ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მეზობლების მიმართ გამომძიებლებს კითხვები სპეცოპერაციის ღამის შესახებ ჰქონდათ.

„სულ ხუთი მეზობლის დაკითხვა იგეგმება, აქედან ორი დაიკითხა. მალე დამატებით კიდევ სამი მეზობელი მოწმის სახით დაიკითხება, თუმცა ისინი ჯერ საქართველოში არ არიან. ორმა მეზობელმა სპეცოპერაციის ღამით ორ სპეცრაზმელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, ფაქტობრივად, დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეცოპერაციის ღამით ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა შეცდომა დაუშვა და მეორე ითხოვდა, რომ მას იარაღისთვის ხელი გაეშვა“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, რომ გამოძიებას უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული.