დუდუ დადიანის მემორიალი „კავკასიამ“ მოიგო #1TVSPORT
დუდუ დადიანის რიგით 25-ე გათამაშების ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდია. „კსუ-კავკასიამ“ ფინალურ მატჩში ტურნირის წინა ორი გათამაშების გამარჯვებული „თელავი“ დაამარცხა და არსებობის ისტორიაში აღნიშნულ ტიტულს მეორედ დაეუფლა. პირველად კავკასიელებმა დადიანის მემორიალური ტურნირი 2022 წელს მოიგეს, როცა ფინალში თსუ 66:54 დაამარცხეს.
ამჯერად ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა „თელავს“ 102:82 მოუგო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა თელაველებმა კსუ-ს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. იყო მომენტები, როცა „თელავი“ ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე კავკასიელები ხელჩსაჭიდ უპირატესობას მალევე იბრუნებდნენ და თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
გამარჯვებულ გუნდს 19-19 ქულით ჯასტინ ფორესტი (19 ქულა) და სანდრო სანაძე (19 ქულა, 8 პასი) ლიდერობდნენ, 18 ქულა დააგროვა გიორგი ტურძილაძემ, შამარ რაითმა შეხვედრა 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა, ხოლო გეგი ბაქრაძემ და ლუკა მაზიაშვილმა გუნდს 10-10 ქულა შესძინეს. „თელავის“ შემადგენლობაში საუკეთესოები იყვნენ კაილერ ვანდერჯაგტი, რომელმაც 25 ქულა დააგროვა, და გიორგი კობახიძე 22 ქულით.
ტურნირზე დაწესებული იყო საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რომელიც კსუ-ს უკანახაზელ სანდრო სანაძეს გადაეცა. ტურნირის MVP პრიზით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.
ჩემპიონთა კაპიტანს, აკაკი დვალიშვილს საჩემპიონო თასი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა — სანდრომ და ნიტამ გადასცეს.
აღნიშნულ გათამაშებაში, ტურნირის ისტორიაში პირველად, მე-3 ადგილის მფლობელიც გამოვლინდა, რომელიც ტურნირის მასპინძელი „რუსთავი“ გახდა. ქვემოქართლელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში „ახალციხე“ 97:70 დაამარცხეს.