დუდა სანაძე აცხადებს, რომ რთულია, საქართველოში სპორტი და განათლება ერთმანეთს შეუთავსო, რის გამოც ბევრი სპორტსმენი იკარგება
დუდა სანაძე აცხადებს, რომ რთულია, საქართველოში სპორტი და განათლება ერთმანეთს შეუთავსო, რის გამოც ბევრი სპორტსმენი იკარგება

ყველა პროფესიონალი ვერ იქნება, მაგრამ როცა ბავშვები სპორტზე ფიქრს ადრეული ასაკიდან იწყებენ, სხვანაირი მენტალობა უყალიბდებათ და სხვანაირად ფიქრობენ, – ამის შესახებ კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა სპორტზე ფიქრი ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს. ამ შემთხვევაში ისინი ფიქრს არა მხოლოდ გართობაზე, არამედ სხვა რამეზე იწყებენ, სპორტში როგორ განვითარდნენ და ა.შ“, – განაცხადა სანაძემ.

მისი თქმით, ძალიან ძნელია, საქართველოში სპორტი და განათლება ერთმანეთს შეუთავსო, რის გამოც ბევრი სპორტსმენი იკარგება.

„ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ამბობენ, რომ სჯობს, ახალგაზრდა სპორტს შეეშვას და სწავლა აირჩიოს. ასეთი რამ ჩემი მეგობრებისგანაც მომისმენია“, – განაცხადა სანაძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ბოლო დღეების მოვლენებს და როგორი უნდა იყოს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, დუდა სანაძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება, მოხმარების გამო ადამიანს ცხოვრება დაენგრეს, მას უნდა ასწავლონ, როგორ შეცვალოს ცხოვრების წესი, მაგრამ ნარკოტიკის ლეგალიზაცია დაუშვებელია.

„აუცილებელია მეტი აქტივობა, მაგალითად, მარათონების ჩატარება. ძალიან მნიშვნელოვანია, აქტივობებში რაც შეიძლება, მეტი ადამიანი ჩაერთოს, როგორც ახალგაზრდები, ასევე ხანში შესულებიც“, – განაცხადა დუდა სანაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს კომპლექსური გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება.