საქართველოს პირველმა ჩოგანმა, 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ტურნირის ფინალში ასპარეზობის შემდეგ, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადაინაცვლა და 22 თებერვლიდან დუბაის ტურნირზე ითამაშებს.
DUTY FREE TENNIS CHAMPIONSHIPS-ის საპრიზო ფონდი 2 949 665 დოლარია. ქართველ ჩოგბურთელს წილისყრაში არ გაუმართლა. ბასილაშვილი შეჯიბრზე პირველ შეხვედრას გათამაშების მე-3 ნომრად განთესილ, კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან ჩაატარებს, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს.
ნიკოლოზი ახალგაზრდა კანადელს 3-ჯერ არის შეხვედრილი და ყველა მათგანი ხვალინდელი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა. ჟოზე ალიასიმის დამარცხების შემთხვევაში ქართველი მერვედფინალში გერმანელ სტრუფსა და ლატვიელ ბერანკისს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიური სკანდალის შემდეგ, 2022 წელს პირველ ტურნირზე ითამაშებს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. შეჯიბრის მეორე ნომერი რუსი ანდრეი რუბლიოვია. ტურნირზე მონაწილეობას რეიტინგის ოცეულის კიდევ რამდენიმე წევრი მიიღებს: იანიკ სინერი (იტალია), ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი), დენის შაპოვალოვი (კანადა), რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი) და ასლან კარაცევი (რუსეთი).