მედიის ინფორმაციით, დუბაი-თელ ავივის რეისზე ერთმა პილოტმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, მეორე პილოტმა იგი მგზავრების დახმარებით შეაჩერა
დუბაი-თელ ავივის რეისზე ერთმა პილოტმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, მეორე პილოტმა კი მგზავრების დახმარებით შეაჩერა. „ფლაიდუბაის“ თვითმფრინავში ინციდენტის დროს 180 მგზავრი, მათ შორის ისრაელი რამდენიმე ათეული მოქალაქე იმყოფებოდა. საუდის არაბეთის თავზე ფრენისას Boeing 737 MAX-მა მცირე ხნით გადასცა კოდი 7500, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას ნიშნავს.
საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მონაცემებით, ფრენის დაწყებიდან ორი საათისა და 15 წუთის შემდეგ „ბოინგი“ მოულოდნელად მკვეთრად დაეშვა ქვემოთ, ერთ წუთზე ნაკლებ დროში სიმაღლე 34 000-დან დაახლოებით 17 000 ფუტამდე შემცირდა, სიჩქარე კი 411 კვანძიდან თითქმის 600-მდე გაიზარდა. რამდენიმე წამის განმავლობაში თვითმფრინავმა სიმაღლე ოდნავ აღადგინა და 21 650 ფუტს მიაღწია, რის შემდეგაც კვლავ მკვეთრად დაეშვა, ამჯერად 14 000 ფუტზე დაბლა. მომდევნო ერთი საათის განმავლობაში თვითმფრინავმა ვერ შეინარჩუნა სტაბილური სიმაღლე, თუმცა ის დაახლოებით 15 000 ფუტის დონეზე რჩებოდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მას ავტოპილოტის ნაცვლად ხელით მართავდნენ.
ინციდენტის დროს ისრაელის ხელისუფლებამ თვითმფრინავთან დაკავშირება ვერ შეძლო. თვითმფრინავის შესაძლო გატაცების შიშის ფონზე, მის გასანეტრალებლად ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლები აფრინდნენ. თუმცა, მალევე თვითმფრინავთან კავშირი აღდგა და რეისი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაეშვა.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, საგანგებო სიგნალი მას შემდეგ გაიგზავნა, რაც, სავარაუდოდ, პილოტებს შორის კაბინაში ჩხუბი მოხდა.
ისრაელელმა მგზავრებმა ისაუბრეს თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს ქაოსისა და პანიკის სცენებზე, კაბინაში სისხლის არსებობაზე და ერთ-ერთი პილოტის დანით დაჭრაზე.
„თვითმფრინავში ყვირილის ხმა გავიგეთ. შემდეგ პილოტების კაბინის კარი გააღეს და სისხლი დავინახეთ; ვიღაცამ პილოტი დასაკეცი დანით დაჭრა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.