დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი, მდივანი კი, ოთარ კახიძე იქნება
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი, მდივანი კი, ოთარ კახიძე იქნება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი იქნება, მდივანი  – ოთარ კახიძე.

კომისიის წევრებმა პირველ სხდომაზე დღეს კომისიის დებულება შეათანხმეს, რომელიც 11 ივნისს პარლამენტის ბიუროზე დამტკიცდება.

როგორც ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განუცხადა, კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სასამართლოს საქმის მასალების მიწოდების მიზნით უკვე მიმართა.

„კომისიის მუშაობა აქტიურად დაიწყება, ეს იმასთან არის ბმაში, თუ რამდენად სწრაფად მოვა მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პროკურატურიდან და სასამართლოდან. წერილები გაგზავნილია და ველოდებით, რომ უმოკლეს ვადაში მასალები მივიღოთ, მათ შორის დღესაც.

ამის შემდეგ კონკრეტული გეგმა შედგება, თუ ვინ როდის უნდა მოვიდეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა წარიმართება, კვირაში შეიძლება რამდენიმე სხდომა გაიმართოს. კანონით გვიწერია, რომ თვეში მინიმუმ ორი შეხვედრა უნდა შედეგს, მაგრამ ასეთი სირთულის საქმეს გაცილებით მეტი შეხვედრა დასჭირდება“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ გამოკითხვები მომავალ კვირაში დაიწყება, თუმცა, მანამდე, კომისიამ საქმის მასალები უნდა მიიღოს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა.