დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სკოლებში უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელებენ
დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სკოლებში უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელებენ

ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და სკოლებში უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელებს. კომისიის წევრების თქმით, გასაჯაროვდება გარკვეული ფოტო მასალაც.

მათი განცხადებით, კომისიამ მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში გასული წლის პირველ დეკემბერს ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

კომისიის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე პასუხისმგებლობის საკითხზე არ ისაუბრებენ. მისივე ინფორმაციით, კონკრეტულ პირთა და უწყებების პასუხისმგებლობის საკითხი ბოლო სხდომაზე განიხილება

„დღეს სკოლაში უსაფრთხოების პრობლემებს განვიხილავთ. კომისიამ შეისწავლა და დაადგინა, რომ ყველა დარღვევას, რომელიც წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს, აქვს სისტემური და მზარდი ხასიათი. ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა არის იარაღის ტარება. ამ მიმართულებით არც სკოლის და არც შსს-ს ქმედებები არ არის ეფექტური.

კომისიამ დაადგინა, რომ ხორავას ქუჩაზე წასვლამდე სკოლასთან შეიკრიბა 30-35 მოსწავლე, ამას ხედავს ადმინისტრაცია და მათ მიერ თავის მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ასევე კომისიამ დაადგინა, რომ დღემდე განათლების სამინისტროს ამ ტრაგედიის წინაპირობები არ შეუსწავლია“,- განაცხადა სერგო რატიანმა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გუშინ გამოაქვეყნა დასკვნის პირველი ნაწილი, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა მოხდა 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას 4-ის ეზოში.