დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სამ არასრულწლოვანს გამოკითხავენ
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სამ არასრულწლოვანს გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეს მცირე ფორმატში განაახლებს.

დღევანდელ შეხვედრაზე დაგეგმილია ფსიქოლოგების ჩართულობით სამი არასრულწლოვანის გამოკითხვა.

კომისია უახლოეს დღეებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაბარებასაც აპირებს.

როგორც საპარლამენტო უმცირესობისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა, მათი მუშაობის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიტროს გადასცემენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ გამოკითხვას, იქნება არასრულწლოვნების გამოკითხვა. ვაპირებთ მინისტრის დაბარებას, ასევე ყოფილი გენერალური პროკურორის დაბარებას. ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთაა და არის ახალი, გადავეცით და გადავცემთ შსს-ს. ჩვენ ვთქვით, რომ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ, ასევე იმისგან, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გამოძიებას ნებისმიერი მიმართულებით“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომელთა შესახებაც შსს-ს უკვე ეცნობა. თუმცა, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა არ დააკონკრეტეს, ვის მიმართ ან რა ახალი ვერსია გამოიკვეთა ხორავას ქუჩის საქმეზე.

კომისიის წევრების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შსს-ს უკვე გამოკითხული ჰყავს.