დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავს
დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავს

ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს.

თბილისში, პარლამენტის ​შენობაში შეკრებილი კომისიის წევრები დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავენ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გუშინ გამოაქვეყნა დასკვნის პირველი ნაწილი, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა მოხდა 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას 4-ის ეზოში.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ კომისიის დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს.

„კომისიამ მოიპოვა არაერთი ჩვენება, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონა და ჩხუბისას მისი გამოყენება.

მტკიცებულებების მიხედვით, აღნიშნული საგანი მ.კ.-მ: ა) აჩვენა 51-ე სკოლის წინ თავის მეგობრებს; ბ) გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას; გ) აჩვენა ჩხუბის შემდეგ მეგობრებს და აღნიშნა, რომ იმ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს.

მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი“, – აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობაში.

მათივე ცნობით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს.

„მოცემული ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი, საკვანძო დეტალი.

აღნიშნული ახალი გარემოების თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე კომისიამ ჩააყენა საქმის კურსში შსს და მოუწოდა დროული რეაგირებისკენ.

მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის ქონა და ჩხუბის დროს მისი გამოყენება კიდევ უფრო ამყარებს კომისიის მხრიდან გაცემულ შუალედურ რეკომენდაციას, დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით“, – აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობაში.

ამასთან, 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების განხილვა ორშაბათსაც იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ დასკვნაზე საკუთარ მოსაზრებებს ორშაბათის სხდომაზე წარადგენენ.