დრეზდენში ულტრამემარჯვენეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
დრეზდენში ულტრამემარჯვენეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

დრეზდენში ულტრამემარჯვენეების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გერმანიის ქალაქის მუნიციპალურმა საბჭომ შესაბამისი რეზოლუცია მიიღო. საბჭოში განაცხადეს, რომ ქალაქში მცხოვრები ულტრამემარჯვენეების პრობლემა საკმაოდ სერიოზულია. რეზოლუციის თანახმად, აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს 39-მა წევრმა. წინააღმდეგ კი 29 გამოვიდა. რეზოლუციის მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ მმართველი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრები.

რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, რომ დრეზდენში მემარჯვენე ექსტრემისტული შეხედულებები და შესაბამისი ქმედებები სულ უფრო ხშირად ფიქსირდება. „ე.წ. ნაცისტური საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ ღია დემოკრატიული საზოგადოება სერიოზული საფრთხის წინაშე იმყოფება“,- განაცხადა რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა.

საქსონიის დედაქალაქი და ევროპის კულტურული დედაქალაქის სატატუსისთვის მებრძოლი დრეზდენი უკვე დიდი ხანია ულტრამემარჯვენეების ერთგვარ ციხესიმაგრედ მიიჩნევა. 1990-იან წლებში იქ ნეონაცისტური ჯგუფები მიტინგებს საკმაოდ ხშირად მართავდნენ. მოგვიანებით მათ გავლენა დრეზდენის მეზობელ რაიონებამდე გაზარდეს. 2014 წელს კი სწორედ დრეზდენში ჩამოყალიბდა ანტიისლამური მოძრაობა „პეგიდა“.