„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი ჯეიდონ სანჩო კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
ინგლისელ ფეხბურთელს კონფლიქტი აქვს „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელთან, ერიკ თენ ჰაგთან. სექტემბერში სანჩო ვერ მოხვდა „არსენალთან“ მატჩის განაცხადში, რაც თენ ჰაგმა ვარჯიშზე ფეხბურთელის არასაკმარისი მონდომებით ახსნა. სანჩო საჯაროდ არ დაეთანხმა მწვრთნელის განცხადებას, შემდეგ კი უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე. საბოლოოდ, 23 წლის ფეხბურთელი ვეღარ ხვდება მატჩების განაცხადებში, ასევე აკრძალული აქვს ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში.
როგორც Sport1-ის ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი წერს, სანჩო 2023-24 წლების სეზონის ბოლომდე „დორტმუნდში“ იჯარით გადავა. გარიგება შეიძლება უკვე ამ კვირას გაფორმდეს. „მანჩესტერმა“ 2021 წელს სწორედ „დორტმუნდიდან“ შეიძინა ნახევარმცველი 85 მილიონ ევროდ.