დონეცკის ოლქში ჩამოვარდნილი „ბოინგის“ საქმის ოთხ მონაწილეს ნიდერლანდების პროკურატურამ ბრალი წაუყენა
მალაიზიური „ბოინგის“, „ემეიჩ17“-ის ავიაკატასტროფის საქმის ოთხ მონაწილეს ნიდერლანდების პროკურატურამ ბრალი წაუყენა. საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, ოთხივე ბრალდებული ნიდერლანდებშია გამოძახებული.
სამი მათგანი – იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და ოლეგ პულატოვი რუსეთის მოქალაქეები არიან, მეოთხე ბრალდებული, ლეონიდ ხარჩენკო კი უკრაინელია.
სასამართლო პროცესი 2020 წლის 9 მარტს უნდა დაიწყოს. „მალაიზიური ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი – კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა, უკრაინის დონეცკის ოლქში, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა.
ფატალური ინციდენტის შედეგად, 10 ქვეყნის 298 მოქალაქე დაიღუპა. ამ დროს, დონეცკის ოლქში უკრაინის არმიას და რუსეთისგან მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. 2016 წლის 8 სექტემბერს ნიდერლანდებში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. ექსპერტების მტკიცებით, ავიალაინერი „ბუკის“ ტიპის საზენიტო კომპლექსით, პრორუსი მებრძოლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ჩამოაგდეს.
აღნიშნული კომპლექსი რუსეთიდან იყო შეტანილი და ავიაკატასტროფის შემდეგ, რუსეთში დააბრუნეს. 2018 წლის მაისში ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ „ემეიჩ17“-ის ავიაკატასტროფაში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს.