დონბასში ვითარება რთულდება: მოლოდინები სამხედრო და დიპლომატიურ ასპარეზზე
დონბასში ვითარება რთულდება: მოლოდინები სამხედრო და დიპლომატიურ ასპარეზზე

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის სრული დე-ესკალაცია და პოლიტიკური რეგულაცია საერთაშორისო საზოგადოებისთვის გადაუჭრელი პრობლემაა.

მიმდინარე თვეში შეხების ხაზზე ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ შეშფოთება არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა.

კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში, ასევე საარტილერიო და სარაკეტო სისტემების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

სამხედრო ესკალაციის საშიშროების ფონზე, შეხების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტისა და სტაბილიზაციის საკოორდინაციო ერთობლივი ცენტრიდან რუსეთმა ოფიცერ-დამკვირვებლები გაიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კიევმა დაძაბული მორალურ-ფსიქოლოგიური დაბრკოლება შექმნა და მუშობას ხელი შეუშალა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინამ რუს დამკვირვებლებს ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე წვდომა შეუზღუდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა აუკრძალა.

საკოორდინაციო ცენტრიდან რუსეთის გასვლამ შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავების შესაძლებლობა გააჩინა და ცენტრის არსებობა ეჭვქვეშ დააყენა. ასევე საეჭვო გახდა ტყვეების გაცვლის პერსპექტივაც.

კონფლიქტის ზონაში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა მოსკოვის განცხადების შემდეგ. სროლისა და დაბომბვის ხმა ისმოდა სვეტლოდარისა და გორლოვკის მიდამოებში. ანტიტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, სეპარატისტებმა „გრადის“ სისტემის საარტილერიო დანადგარები გამოიყენეს, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი შემთხვევაა. დაბომბვამ დააზიანა კორპუსები, საბავშვო ბაღის, სკოლისა და სამედიცინო დაწესებულების შენობები, ასევე გაზსადენი. დაბომბვის შედეგად სხეული დაზიანება 8 ადამიანმა მიიღო.

ვითარების ესკალაციის შემდეგ, სამხედრო ექსპერტები შეხების ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე დაპირისპირების დაწყების შესაძლებლობაზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა ასევე გამოითქვა არაერთი მოსაზრება, რომ სრულმასშტაბიანი იერიშის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამისთვის კონფლიქტის მხარეებს საჭირო კონცენტრაცია არ მოუხდენიათ. მიუხედავად ამისა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ გართულებული მდგომარეობა მიმდინარე წლის თებერვალში არსებულ ვითარებას შეადარა, როდესაც ავდეევკას რაიონში მასშტაბური დაპირისპირება აღინიშნა.
ე.წ. „ნორმანდიულ ფორმატში“ რუსეთისა და გერმანიის ლიდერების მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი ცენტრში დაბრუნებას დათანხმდა, თუმცა მოსკოვს საკუთარი პირობები აქვს, რაც გულისხმობს, რომ რუს ოფიცერ-დამკვირვებლებს მუშაობაში ხელი არ უნდა შეუშალონ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაკვირვებაზე პასუხისმგებელი პირების ცენტრში დაბრუნებაზე ანგელა მერკელმა და ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს.

უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მინსკში საკონტაქტო ჯგუფის სამუშაო ქვეჯგუფების შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებებში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 23 დეკემბრის შუაღამიდან კონფლიქტის ზონაში ცეცხლი შეწყდება.

შეთანხმება ასევე შეეხო ტყვეების გაცვლის საკითხს, რომელიც დღესასწაულების დაწყებამდე უნდა დასრულდეს. უკრაინის ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის შეთანხმებული უკვე არსებული სიით, კიევმა ამბოხებულებს 306 ადამიანი უნდა გადასცეს, სეპარატისტებმა კი 74.

დონბასში სამხედრო კომპონენტის გააქტიურება დიპლომატიურმა ჩართულობამ გაანეიტრალა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე კი რამდენიმე საათი რჩება და გამოჩნდება, ექნება თუ არა მოლაპარაკებებს სრული შედეგი.