დონბასში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ორი უკრაინელი სამხედრო
დონბასში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ორი უკრაინელი სამხედრო

დონბასში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ორი უკრაინელი სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს.

დონბასში უკრაინელი სამხედროების გარდაცვალების გამო, უკრაინის დელეგაციამ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის საგანგებო სხდომა მოიწვია.

უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ დასახლებულ პუნქტებთან – ნოვომიხაილოვკასთან და სტაროგნატოვკასთან ყუმბარმტყორცნები გამოიყენა.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ 30 ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი ორჯერ გახსნეს, რასაც უკრაინელმა სამხედროებმა ადეკვატური პასუხი გასცეს.

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლოს 27 ივლისს გამოცხადდა. 20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს კონფლიქტის დაწყებიდან ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე ხანგრძლივი რეჟიმია.