დონალდ ტუსკი - ვეცდებით, წლის ბოლომდე მზა მოდელი გვქონდეს, რათა ომის შემთხვევაში პოლონეთში ყველა ზრდასრულ მამაკაცს სამხედრო წვრთნა ჰქონდეს გავლილი
მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქვეყანაში ყველა ზრდასრული მამაკაცისთვის სამხედრო წვრთნა სავალდებულო გახდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკის თქმით, პოლონეთმა თავდაცვისთვის მშპ-ის 5% უნდა დახარჯოს.
„ჩვენ ვეცდებით, ამ წლის ბოლომდე მზა მოდელი გვქონდეს, რომ ომის შემთხვევაში პოლონეთში ყველა ზრდასრულ მამაკაცს ჰქონდეს გავლილი სამხედრო წვრთნა, რათა ეს რეზერვი პოტენციური საფრთხეების ადეკვატური იყოს“, – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკი არ გამორიცხავს ქალებისთვის სავალდებულო სამხედრო წვრთნებსაც, მაგრამ აღნიშნა, რომ ომი ჯერ კიდევ უფრო მეტად კაცების სფეროა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინას 800 000 ჯარისკაცი ჰყავს, ხოლო რუსეთს – დაახლოებით 1.3 მილიონი. დონალდ ტუსკი აღნიშნავს, რომ სურს, პოლონეთის არმია 500 000 ჯარისკაცამდე გაიზარდოს. ამჟამად ქვეყანას 200 000 სამხედრო ჰყავს.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მხარს უჭერს პოლონეთის გასვლას ოტავას კონვენციიდან, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო სახმელეთო ნაღმების გამოყენებას. ტუსკი ასევე მხარს უჭერს, შესაძლო გასვლას დუბლინის კონვენციიდან, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას. მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციას გაივლის ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან.