დონალდ ტუსკი თურქეთს მოუწოდებს, მიგრანტებს „იარაღად“ ნუ გამოიყენებს
დონალდ ტუსკი თურქეთს მოუწოდებს, მიგრანტებს „იარაღად“ ნუ გამოიყენებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი თურქეთს მოუწოდებს, მიგრანტებს „იარაღად“ ნუ გამოიყენებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარას ქმედებამ შესაძლოა, ახალი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

„თურქეთმა უნდა გაიგოს, ჩვენი შეშფოთების მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათმა ქმედებებმა შესაძლოა ახალი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს. ჩვენ არასოდეს შევეგუებით, რომ ლტოლვილები შანტაჟისთვის იარაღად გამოიყენონ. პრეზიდენტ ერდოღანის გუშინდელი მუქარა სრულად უადგილოა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა მიკრობლოგის საშუალებით.

თურქეთმა სირიის მოსაზღვრე რეგიონში სამხედრო ოპერაცია 10 ოქტომბერს დაიწყო. როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, ოპერაციის მიზანი თურქეთის მოსაზღვრე სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის შექმნაა. სამხედრო ოპერაციის გამო ოფიციალური ანკარა ევროპაში მკაცრად გააკრიტიკეს. რის შემდეგაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლტოლვილების ევროპისკენ გაგზავნით დაიმუქრა.