დონალდ ტუსკი ტერეზა მეის „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად ახალ იდეებს სთხოვს
დონალდ ტუსკი ტერეზა მეის „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად ახალ იდეებს სთხოვს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ტერეზა მეის „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად ახალ იდეებს სთხოვს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ კვირაში დაგეგმილ სამიტზე საუბრის მთავარი თემა სწორედ ეს იქნება, რადგან მოლაპარაკებები ჩიხში არის შესული და მხარეებს ახალი იდეები სჭირდებათ.

ამასთან, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა შეთანხმების გარეშე ახლა, როგორც არასდროს ყველაზე მოსალოდნელია.

„შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, შანსი იმისა, რომ შეთანხმებას საერთოდ ვერ მივაღწიოთ, ძალიან დიდია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტია, თუმცა დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ცუდი სცენარისთვისაც მომზადებულები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ამ დრომდე „ბრექსიტის“ გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ დავის საგანია. მათ შორის არის დიდი ბრიტანეთის პროვინცია, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვარი.