დონალდ ტუსკი საქართველოს 11-12 ივლისს ეწვევა
დონალდ ტუსკი საქართველოს 11-12 ივლისს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სახელით გამართული საზეიმო ვახშმის შემდეგ, სადაც დონალდ ტუსკმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ექვსი სახელმწიფოს მეთაურებს, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უმასპინძლა, კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ საზეიმო ვახშმის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ორმხრივ ფორმატში მხოლოდ უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

დავით ზალკალიანმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა და განაცხადა, რომ „სამწუხარო ინფორმაციის“ მიწოდებას აპირებდა, რომ დონალდ ტუსკი საქართველოში ჩამოდის.

„ჩვენ პრეზიდენტ ტუსკთან გვქონდა 21 ნოემბრის შეხვედრა საკმაოდ მაღალ ფორმატში, ასევე სხვადასხვა ფორმატებში გადავიკვეთეთ მასთან. დღესაც საკმაოდ ინტენსიური საუბარი იყო და მინდა, თქვენთვის საკმაოდ სამწუხარო ინფორმაცია გითხრათ, 11-12 ივლისს ტუსკი საქართველოში ჩამოდის და ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობს. ისე სკანდალურად წარმოაჩენთ, ძალიან დიდი სიხარულით აცნობეთ, რომ შეხვედრა არ ყოფილა, რაც არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.