დონალდ ტუსკი - პროპორციული არჩევნების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას დემოკრატიული ლანდშაფტის მრავალფეროვნების გაძლიერების რეალურ შანსად ვხედავ
დონალდ ტუსკი - პროპორციული არჩევნების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას დემოკრატიული ლანდშაფტის მრავალფეროვნების გაძლიერების რეალურ შანსად ვხედავ

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები აგებულია საერთო ღირებულებებზე, საქართველოს უდიდესი აქტივი მის მიერ დემოკრატიული რეფორმებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ვალდებულების დემონსტრირებაა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობასა და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალზე ისაუბრა.

„საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირი-საქართველოს მტკიცე ურთიერთობები, ასევე როგორ უნდა განვითარდეს შემდგომში ისინი. ჩვენი ვაჭრობა იზრდება, თუმცა უფრო მეტის გაკეთება შეიძლება და გაკეთდება, რათა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის სრული პოტენციალი გამოვიყენოთ. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, ჩვენ თანამშრომლობის მრავალ სფეროში მივიწევთ წინ, განათლებიდან სოფლის მეურნეობამდე, ეკონომიკური განვითარებიდან გარემომდე“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

დონალდ ტუსკმა უვიზო მიმოსვლის საკითხზე და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა, ისევე როგორც ხაზი გაუსვა მოსკოვის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, საქართველოში ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„ფაქტი, რომ ქართველებს ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ და ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში, უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან. თქვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის პოლიფონიური მუსიკა და სამზარეულო სულ უფრო მეტი ჩვენგანის გულს იპყრობს. უვიზოდ მოგზაურობის კონტექსტში ჩვენ ვთანხმდებით ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების საჭიროებაზე, რათა ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. რუსეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, აეკრძალა ფრენები საქართველოში, უსამართლო და დისპროპორციულია. თუმცა, თქვენი ქვეყანა გარე ზეწოლას ადრეც გამკლავებია და ახლაც გაუმკლავდება. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას სოლიდარობასა და თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ ერთგულებაში“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ვალდებულებებზე საქართველოს დემოკრატიულ რეფორმების მიმართ და მიესალმა 2020 წელს სრულად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას.

„ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები აგებულია საერთო ღირებულებებზე. საქართველოს უდიდესი აქტივი მის მიერ დემოკრატიული რეფორმებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ვალდებულების დემონსტრირებაა. ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროა, წინ წაიწიოს განგრძობადი გადაწყვეტილებებით. როგორც იცით, საიმედო, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა საზოგადოების ნდობის, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და ასევე უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად აუცილებელია.
არჩევნებთან დაკავშირებით, მინდა, მივესალმო მიმდინარე პროცესს წინა არჩევნების ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რაზეც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და სხვების ანგარიშშია მოყვანილი. ისევე, როგორც მთავრობის გადაწყვეტილება, 2020 წელს გამართოს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით. ამ ინიციატივას საქართველოს დემოკრატიული ლანდშაფტის მრავალფეროვნების გაძლიერებისთვის რეალურ შანსად ვხედავ. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა კეთილსინდისიერად მუშაობისთვის“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

სიტყვის ბოლოს დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი.

„ბათუმის კონფერენციის გახსნის სიტყვაში მე ვისაუბრე ქართული ერთიანობის საჭიროებაზე. ჩემი ბრიუსელური გამოცდილება მეუბნება, რომ თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროპული სოლიდარობის იმედი, ვიდრე თქვენი ქართული სოლიდარობა გასტანს და ვიდრე თქვენ პატივს სცემთ საერთო სტრატეგიულ პოლიტიკურ მიზნებს. დემოკრატია მუდმივი დებატებია და არა სამოქალაქო ომი. სწორედ ამიტომ, ყველაფერი თქვენს ხელთაა“, – დასძინა დონალდ ტუსკმა.