დონალდ ტუსკი - ჯოჯოხეთში სპეციალური ადგილია მათთვის, ვინც ბრექსიტს გეგმის გარეშე უჭერს მხარს
ჯოჯოხეთში სპეციალური ადგილია მათთვის, ვინც ბრექსიტს გეგმის გარეშე უჭერს მხარს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში მოლაპარაკებები ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, ლეო ვარადკართან გამართა.
ირლანდიის მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ტუსკმა თქვა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ევროკავშირი ირლანდიასთან საზღვარზე პრობლემების პრევენციას ეცდება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, რომელიც 2016 წლის რეფერენდუმზე ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს, 7 თებერვალს ბრიუსელში ვიზიტისას, გასვლასთან დაკავშირებულ შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელებას შეეცდება. ბრიუსელში ამბობენ, რომ უკვე არსებული შეთანხმება კიდევ ერთხელ მოლაპარაკებებს აღარ ექვემდებარება.
ევროკავშირის წესების თანახმად, ბრიტანეთმა ევროკავშირი მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.